ირაკლი კობახიძე - ლიეტუვიდან ჩვენმა მეგობრებმა კონკრეტული ხედვა შემოგვთავაზეს, რომ მივაღწიოთ უფრო სწრაფ პროგრესს ევროინტეგრაციის მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - ლიეტუვიდან ჩვენმა მეგობრებმა კონკრეტული ხედვა შემოგვთავაზეს, რომ მივაღწიოთ უფრო სწრაფ პროგრესს ევროინტეგრაციის მიმართულებით

ძალიან ვაფასებთ ლიეტუვის მხარდაჭერას პოლიტიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელიც ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლიეტუვიდან იუწყება, კობახიძე ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს, ვიქტორას პრანცკიეტისს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციასა და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.

„გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი, პირველ რიგში, ორმხრივ თანამშრომლობაზე, რადგან ეს არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ თანამშრომლობა. განსაკუთრებული მეგობრობა არის ჩამოყალიბებული როგორც ხალხებს, ასევე სახელმწიფოებს შორის. ძალიან ვაფასებთ ლიეტუვის მხარდაჭერას პოლიტიკური თვალსაზრისით. ასევე გავამახვილეთ ყურადღება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აქაც მჭიდროა ჩვენი ურთიერთობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროინტეგრაციაზე, სადაც განვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას ორივე მხრიდან, რათა დაჩქარდეს ევროინტეგრაციის პროცესი. კონკრეტული ხედვა შემოგვთავაზეს ჩვენმა მეგობრებმა ლიეტუვიდან, რომ მივაღწიოთ უფრო სწრაფ პროგრესს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს აქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის კუთხით.

„დარწმუნებული ვარ, ამ მიდგომით გააგრძელებს ლიეტუვა მუშაობას ჩვენს ქვეყანასთან და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი ევროინტეგრაციის გზაზე. მთავარია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ნაბიჯს, რომელიც უნდა გადაიდგას ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველოს აქვს აღებული ვალდებულებები, რომელიც მათ შორის გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში.

„ყველაფერი კეთდება ამ ვალდებულების შესრულებისთვის, მათ შორის, საქართველოს პარლამენტი, მისი ევროინტეგრაციის კომიტეტი ჩართულია ამ პროცესში და ყველა სათანადო ვალდებულება თავის ვადებში შესრულდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველოს ინიციატივით მომზადდა სპეციალური გზამკვლევიც ევროინტეგრაციის კუთხით და ეს იქნება ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში.

ირაკლი კობახიძემ ვიზალიბერალიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

ვიზალიბერალიზაცია არის მნიშვნელოვანი თემა. როგორც მოგეხსენებათ, ამ კუთხით არის გარკვეული გამოწვევები. ხდება გარკვეულწილად ბოროტად გამოყენება იმ უფლების, რასაც გვანიჭებს ვიზალიბერალიზაცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე, იქნება ეს სამართალდამცავებს შორის თუ სხვა კუთხით, შესაძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება და ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ ამ ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევას, რომელიც გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რა კეთდება საქართველოს მხრიდან პრობლემის მოსაგვარებლად.

„აღვნიშნეთ, რომ საქართველოს პარლამენტმაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, კანონებში შევიდა ცვლილებები, რომ არ შეიქმნას გარკვეული პრობლემები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ასევე ყურადღება გავამახვილეთ სამართალდამცავებსა და სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობაზე“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.