ირაკლი კობახიძე - კომფორტულ პირობებს ვქმნით, რომ არჩევნებზე დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ
ირაკლი კობახიძე - კომფორტულ პირობებს ვქმნით, რომ არჩევნებზე დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ

ჩვენ ვქმნით კომფორტულ პირობებს, რომ დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სპეციალური პროტოკოლია დადგენილი და დამკვირვებლებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ პისიარტესტირება.

„ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული იქნება ლოჯისტიკური განსხვავებული პირობებიც, მაგალითად, შეიძლება დაორგანიზდეს სპეციალური ფრენებიც კი, რათა დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა. დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობთ, საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო-დან, არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება არჩამოსვლის საკითხი, ეს არის „აირაი“ და „ენდიაი“, ეს არის ევროპარლამენტი, სადაც ჯერ კიდევ ადგენენ წესებს არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირებს მმართველი გუნდი „ენდიაის“ და „აირაის“ შესაძლო უარს არჩევნებზე ჩამოსვლის საკითხზე იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომელიც სახელისუფლებო გუნდისგან კეთდება, კობახიძე აცხადებს, რომ ეს ასე არ არის.

„ჩვენ „ენდიაის“ და „აირაის“ არასდროს ვაკრიტიკებთ, არის მხოლოდ ერთი პატარა გამონაკლისი, სადაც ჩვენ ვაკრიტიკებთ არა „ენდიაის“ და „აირაის“, არამედ მათ მიერ დაქირავებულ კვლევით ორგანიზაციებს, იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულები. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან „ენდიაის“ და „აირაის“ კრიტიკას ვერ მოისმენთ. ამჟამინდელი გადაწყვეტილება არის, რომ წესით, „ენდიაიდან“ და „აირაიდან“ არ ჩამოვლენ დამკვირვებლები, ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც, მაგალითად უკრაინაში ტარდებოდა მუნიციპალური არჩევნები და იქაც გაუქმდა დაგეგმილი ვიზიტი, ეს არის ჩემი ინფორმაცია. პირადად მე მქონდა „აირაის“ ოფისის ხელმძღვანელთან საუბარი, სადაც მან განმარტა ვიზიტის ამ ეტაპზე გაუქმების საფუძველი, თუმცა გარკვეული იმედი ჯერ კიდევ არსებობს რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.