ირაკლი კობახიძე – კომერციულმა ბანკებმა პრინციპულად ძალიან სწორი განცხადებები გააკეთეს, მათ თქვეს, რომ დაიცავენ სანქციების რეჟიმსაც, საქართველოს კანონმდებლობასაც და ეს იყო ძალიან სწორი პოზიცია
კომერციულმა ბანკებმა პრინციპულად ძალიან სწორი განცხადებები გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ისინი დაიცავენ სანქციების რეჟიმსაც, საქართველოს კანონმდებლობასაც და ეს იყო ძალიან სწორი პოზიცია, რაც დაიკავეს საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომერციული ბანკების განცხადებების შესახებ საუბრისას გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
კითხვაზე, დაემორჩილებიან თუ არა კომერციული ბანკები ახალ რეგულაციას, კობახიძემ განმარტა, რომ მათთვის პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ვიღაცამ მტკიცებულების გარეშე სისხლის სამართლებრივი წესით დასაჯოს საქართველოს მოქალაქე.
„პრაქტიკულად, არც არაფერი შეცვლილა, გამომდინარე იქიდან, რომ ოთარ ფარცხალაძესაც შეუწყდა მოქალაქეობა. პერსპექტივაში, ვიღაცას მტკიცებულების გარეშე რომ წაეყენოს ასეთი ბრალი და დაეკისროს სანქციები, რა თქმა უნდა, იქ ეს რეგულაცია უნდა მოქმედებდეს. არ შეიძლება, მტკიცებულების გარეშე ვიღაცამ სისხლის სამართლებრივი წესით, დე ფაქტო თუნდაც, დასაჯოს საქართველოს მოქალაქე. უბრალოდ, არ შეიძლება და, რა თქმა უნდა, ეს რეგულაცია ასეთ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს ნებისმიერ მოქალაქეზე და ნებისმიერ ქართულ კომპანიაზე, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს „საქართველოს ბანკში“, „თიბისი ბანკში“, „ტერაბანკში“, „ლიბერთი ბანკსა“ და „ბაზისბანკში“ განაცხადეს, რომ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედებენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იქნებიან.