ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხმა პარტიამ ერთად გაამჟღავნა კავშირი ძალადობრივ ქმედებებთან, პირველ რიგში, ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა, რომ ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში
ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხმა პარტიამ ერთად გაამჟღავნა კავშირი ძალადობრივ ქმედებებთან, პირველ რიგში, ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა, რომ ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია დადგა ერთად და მათ გაამჟღავნეს საკუთარი კავშირი იმ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლებიც ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ გუშინ საღამოს აღიარეს საკუთარი თანამონაწილეობა პროცესებში, როდესაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„რეალურად, ძალადობრივი ქმედებები კოორდინირებულია სწორედ ოთხმაგი პარტიული ხაზით. გახარიამ, მაგალითად, წამოცდენის ფორმით თავად აღიარა, თქვა, რომ 100 კაციდან რამდენიმე ათეული მისი მხარდამჭერი იყო დაკავებული. მან პირდაპირ აღიარა თავისი აქტივისტების სისტემური ჩართულობა ძალადობრივ ქმედებებში. ასეთი პირდაპირი აღიარება არ ყოფილა სხვა პარტიების მხრიდან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომელი პარტიების კუთვნილება არიან ის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებდნენ ამ დღეების განმავლობაში. ეს არის ფაქტების ერთობლიობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. მათ შორის, ოფისებში შემალული პოლიტიკოსებიც ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას. არის ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელსაც, წაყენებული ბრალის მიხედვით, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პირველ რიგში, აქ არის პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. საუბარი მაქვს ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე. პირველ რიგში, ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა ის, რომ ასეთი ადამიანები, ახალგაზრდები ჩართეს კრიმინალურ მოქმედებებში. დღეს ეს ახალგაზრდა კაცი რომ 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთის რისკის ქვეშ არის, ეს ამ პოლიტიკანების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.