ირაკლი კობახიძე - ხუთი პროცენტის მიღებას სჭირდება 95 ათასი ხმა, როცა ვერ იღებ ამ ხმებს, ეს ნიშნავს, რომ პარტია არ ხარ, ასეთი პარტიებისთვის ბარიერის დაწევა არ იქნებოდა რაციონალური
ირაკლი კობახიძე - ხუთი პროცენტის მიღებას სჭირდება 95 ათასი ხმა, როცა ვერ იღებ ამ ხმებს, ეს ნიშნავს, რომ პარტია არ ხარ, ასეთი პარტიებისთვის ბარიერის დაწევა არ იქნებოდა რაციონალური

თავის დროზე ბარიერთან დაკავშირებით ჩვენი დაპირება როცა გაიცა 2022 წელს, ის უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ შესაძლო გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მან 2022 წლის ოქტომბერში გააკეთა განცხადება, რომ ბარიერის დაწევის საკითხზე დაპირება ანულირებული იყო.

„2022 წლის ივლისში გაიცა დაპირება 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით, მის მერე ოპოზიციამ ერთი წელი ყველაფერი გამოიყენა, რომ ეს რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა, შესაბამისად, ეს დაპირება დღის წესრიგიდან მოხსნილია, რომელიც უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, 2022 წლის 12 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო აღარ იმსჯელებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამის შემდეგ, 18 ოქტომბერს მე ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირე, რომ არავითარი ვალდებულება და დაპირება აღარ არსებობდა. მე დავაფიქსირე, რომ ეს დაპირება იყო ანულირებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბარიერის დაწევის თემა მოხსნილია და მმართველი გუნდი მის განხილვას არ აპირებს.

„შეხედეთ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა პარტია არის ხუთ პროცენტს ქვემოთ, აქედან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევიდნენ პარლამენტში და ეს არის სუბიექტური ინტერესი. ხუთი პროცენტის მიღებას სჭირდება, დაახლოებით, 95 ათასი ხმა, როდესაც ვერ იღებ ამ ხმებს, ეს ნიშნავს, რომ პარტია არ ხარ, როგორებიცაა „ლელო“, „გირჩი“, გახარია და. ა.შ. სინამდვილეში, არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის, არის რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი კლუბი და სწორედ ამიტომ ვერ იღებენ ხმათა ხუთ პროცენტს. ასეთი პარტიებისთვის ბარიერის დაწევა არ იქნებოდა რაციონალური და არც ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა კობახიძემ.