ირაკლი კობახიძე - ხმების გადათვლის პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა ყოფილიყვნენ ჩართული, თუმცა ძალიან ჯანსაღი პროცესი ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე წარიმართება
ირაკლი კობახიძე - ხმების გადათვლის პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა ყოფილიყვნენ ჩართული, თუმცა ძალიან ჯანსაღი პროცესი ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე წარიმართება

გარკვეული უზუსტობები იყო საარჩევნო ოქმებში და ამ დღეების მთავარი ამოცანაა, რა თქმა უნდა, საარჩევნო კომისიების დონეზე, ასევე სასამრთლოს ჩართულობით, ამ ოქმების დაზუსტება და ხმების გადათვლა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ახლაც გრძელდება ხმების გადათვლის პროცესი, რაშიც ჩართული უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკური პარტიები. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დასახელებული პროცესი ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე მიმდინარეობს.

ამასთან, კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს, დესტრუქციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

„იცით, იყო გარკვეული უზუსტობები საარჩევნო ოქმებში და ამ დღეების მთავარი ამოცანაა, რა თქმა უნდა, საარჩევნო კომისიების დონეზე, ასევე სასამრთლოს ჩართულობით, ამ ოქმების დაზუსტება და ხმების გადათვლა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. შეგახსენებთ, ასეთი რამ საქართველოს საარჩევნო ისტორიაში არასდროს მომხდარა. ვგულისხმობ არჩევნების შედეგების გადათვლას უბნების დონეზე. გამოიკვეთა რამდენიმე ათეული, 80-მდე საარჩევნო უბანი, სადაც იკვეთებოდა, რომ საჭირო იყო ხმის გადათვლა, რათა ყველას ერთად ამ უბნების მონაცემები დაგვეზუსტებინა. ეს პროცესი ახლაც წარიმართება. რამდენადაც ვიცი, უკვე არის 30-ზე მეტი უბანი გადათვლილი, პროცესი გრძელდება და სავარაუდოდ, რაოდენობა გაიზრდება. ეს უნდა ყოფილიყო პროცესი, სადაც ჩართული ყოფილიყვნენ პოლიტიკური პარტიები. გამომდინარე იქედან, რომ ჩართულობის საშუალება აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ნებისმიერ დამკვირვებელს, ხმების დაზუსტება, რა თქმა უნდა, საერთო ამოცანა და საერთო მიზანი უნდა გამხდარიყო, თუმცა ვხედავთ, რომ ეს ძალიან ჯანსაღი პროცესი ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე წარიმართება. შესაბამისად, ჩვენ ოპოზიციას უნდა მოვუწოდოთ, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი დესტრუქციული ქმედებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.