ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებამ მაქსიმალურად რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან
ირაკლი კობახიძე - ხელისუფლებამ მაქსიმალურად რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან

ხელისუფლებამ მაქსიმალურად რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველაფრით, რაც არის საჭირო. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად არიან დაზღვეული რისკებისგან.

„ასეთი შეთავაზება გაკეთდა იუსტიციის მინისტრის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითად ასპექტს – სამედიცინო მხარეს და უსაფრთხოებას. გორის ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველაფრით, რაც არის საჭირო – აპარატურა, პერსონალი და ა.შ. უსაფრთხოება იყო ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მაღალი რისკები. გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.