ირაკლი კობახიძე - კელი დეგნანის გზავნილი არის მნიშვნელოვანი და მიუთითებს, რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს
ირაკლი კობახიძე - კელი დეგნანის გზავნილი არის მნიშვნელოვანი და მიუთითებს, რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მიუთითებს, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს. მისივე თქმით, ეს გზავნილი ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, თავისუფალი საარჩევნო გარემო უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დროს, არამედ არჩევნებამდეც.

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მიუთითებს, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ საარჩევნო სუბიექტს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ არჩევნების დღემდეც. არჩევნების დღემდეც უნდა იყოს საარჩევნო გარემო პროვოკაციებისგან თავისუფალი. ასევე მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო უნდა იყოს. ეს გზავნილი ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს, როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ოც წელზე მეტია, უჭერს მხარს საქართველოში არჩევნების ჩატარების პროცესს.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს, ასევე აშშ ეხმარება პარლამენტს, განავითაროს საარჩევნო კანონმდებლობა.

ამასთან, კელი დგენანის თქმით, განსაკუთრებით იმუშავეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა პანდემიის მიუხედავად, ამომრჩევლებმა ხმა უსაფრთხო გარემოში მისცენ, ასევე დაცული იყოს მათი პირადი ინფორმაცია პოტენციური კიბერშეტევებისგან.