ირაკლი კობახიძე - კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი
ირაკლი კობახიძე - კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე. არც ასეთი კორუფციის მიმართ არ ვარ ლოიალური, – ასე მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არავითარი ინტერესი არ აქვს, ვინმეს კორუფციას დააფაროს ხელი.

„სრული პასუხისმგებლობით, მინდა, გითხრათ, არასდროს არცერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას მომავალშიც. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად. ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ. იცით, რომ ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომაც, რომელსაც, მით უმეტეს, არავითარი ინტერესი არ აქვს. მას მარტო ქველმოქმედებაზე სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამ თვალსაზრისით არავითარო ლოიალობა არ იქნება გამოვლენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.