ირაკლი კობახიძე - კარვების გაშლა დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის
ირაკლი კობახიძე - კარვების გაშლა დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის

კარვების გაშლა დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სუს-ის ინფორმაციით, კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების შესანახად.

„კარვების გაშლა შეკრების ჩატარების დროს დაშვებული იქნება, ოღონდ დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის. ეს კანონპროექტი თავიდან ბოლომდე მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების, პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს თეორიის, პრაქტიკის გათვალისწინებით და სრულად არის თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

თქვენ ასევე მოისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების შესანახად და ასე შემდეგ. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითაც რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის მიღება, რომელიც არის ინიცირებული და პარლამენტი მიმდინარე კვირაში მიიღებს სამი მოსმენით.

ის რევოლუციური პროცესები, რომლებზეც დეტალური ინფორმაცია დღესაც მოვისმინეთ, იგეგმება სწორედ ოქტომბრიდან ნოემბერ-დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, დაჩქარებას აქვს თავისი ლოგიკური საფუძველი. ბუნებრივია, ოპოზიცია სუსტია, მაგრამ ამ სისუსტის პირობებში პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს. დღევანდელი არჩევნების შედეგებიც ამის დასტურია. ოპოზიციამ ვერ გაბედა არჩევნებში მონაწილეობა, აბსოლუტურად დაცემულია მათი რეიტინგი, აბსოლუტურად არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ისინი შეიძლება, წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე სწორედ სისუსტის გამო. ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.