ირაკლი კობახიძე - კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ შეიძლება, გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის
ირაკლი კობახიძე - კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ შეიძლება, გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის

კარლ ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტი სირბილე ნიკა მელიამ, რომლესაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება, გაიგოს, როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. კობახიძის მოსაზრებით, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს გაკეთდა გარკვეული განცხადება და სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება, გახდეს ერთგვარი მწვანე შუქი ნიკა მელიასთვის, რათა მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ეს არის ძალიან ცუდი. ბუნებრივია, საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება, გაიგოს, როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის. ნიკა მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, რადგან ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. ასეთ რაღაცას როდესაც აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი ინციდენტი ყველამ ნახა და ეს ფაქტი მეტყველებს, როგორია ნიკა მელიასა და მთლიანად „ნაცმოძრაობის“ სახე.

„სამართალდამცავი ორგანოები იქ იყვნენ მობილიზებული და ეს ყველამ დაინახა. როდესაც ამაზე ჰქონდა საუბარი ჰარცელს, თუ მას უნდოდა 100-პროცენტიანი გარანტია, რანაირად შეიძლება, ვინმემ ვინმეს 100-პროცენტიანი გარანტია მისცეს. რა თქმა უნდა, შსს ყველაფერს გააკეთებდა, რათა ძალადობა არ ყოფილიყო დაშვებული. ამის რისკი რეალურად არც იყო. იქ იყვნენ ძირითადად წარმოდგენილი ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც იყვნენ აღშფოთებული. ისინი აპირებდნენ აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით საკუთარი პროტესტის გამოხატვას. არავითარი რისკები არ ყოფილა. უბრალოდ, შსს 100 პროცენტით ვერაფერს გამორიცხავს. ამის მიუხედავად, სამი საათის განმავლობაში ნიკანორ მელია იმალებოდა ევროკავშირის ოფისში, ვერ ბედავდა გამოსვლას. როცა დაიშალა ყველა, შემდეგაც ერთი საათი დასჭირდა, რათა საბოლოო ჯამში გამოპარულიყო ევროკავშირის ოფისიდან. ეს მეტყველებს მასზე. ყოველთვის, როდესაც ის აწყობს პროვოკაციებს, პირველი იპარება ამ პროვოკაციებიდან. ამ შემთხვევაშიც იგივე გააკეთა. ის კაცი არ არის და შესაბამისად, აქვს ასეთი პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, არჩევნებზე თუ იქნება უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, კობახიძემ განაცხადა, რომ შსს ობიექტური მოცემულობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა აღკვეთოს ნებისმიერი კანონდარღვევა.

„შსს გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს. ჩვენ ამას მიჩვეული ვართ შსს-ს მხრიდან. საუბარია ობიექტურ მოცემულობაზე. ბუნებრივია, 3 700 უბნის სრული კონტროლი და სრულად გარკვეული პროვოკაციების აღკვეთა შეუძლებელია, მაგრამ მიჩვეული ვართ, რომ შსს აკეთებს ყველაფერს, მაქსიმუმს, რომ ობიექტური მოცემულობის ფარგლებში აღკვეთოს ნებისმიერი კანონდარღვევა და ბუნებრივია, დარწმუნებული ვართ, რომ იგივე მოხდება. წარმოიდგინეთ, ასეთი პროვოკაციები რომ მოაწყონ უბან-უბან მელიამ, სხვებმა, სირთულეები იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შსს მოწოდების სიმაღლეზე იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გუშინდელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, წუხს, რომ ევროკავშირის ოფისის წინ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა, თუმცა მისასალმებელია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს, მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ, ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება“, – აღნიშნა ჰარლცემა.