ირაკლი კობახიძე - „კანვასის“ ტრენინგის ვიდეო არის მტკიცებულება, რომ მიზანმიმართულად მზადდებოდა რევოლუცია, დანაშაულის მხარე უნდა გამოიძიოს კონკრეტულმა სამართალდამცავმა უწყებამ
ირაკლი კობახიძე - „კანვასის“ ტრენინგის ვიდეო არის მტკიცებულება, რომ მიზანმიმართულად მზადდებოდა რევოლუცია, დანაშაულის მხარე უნდა გამოიძიოს კონკრეტულმა სამართალდამცავმა უწყებამ

ჩვენ ვნახეთ რევოლუციის მოწყობის ღია მცდელობა 2022 წლის ივნისში, როცა, არჩევნების მიუხედავად, არჩევნების მიღმა ითხოვ მთავრობის გადადგომას და შენი მონაწილეობით მთავრობის ჩამოყალიბებას, ანუ არჩევნებში მანდატი არ მიგიღია, ხარ რაღაც „ენჯეო“ და გინდა, შენ დააკომპლექტო მთავრობა, ეს არის რევოლუცია, მაგრამ ეს არ არის რევოლუციის ის ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს დასჯადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რევოლუციის მცდელობა ყოველთვის არ არის დანაშაული.

„რევოლუციის მცდელობა შეიძლება იყოს დასჯადი იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს კონკრეტული პარალელური დანაშაულები, მაგრამ როდესაც გამოდიხარ და რეალურად რევოლუციისკენ მიგყავს ქვეყანა, მაგრამ ამას არ ახლავს თან პარალელური დანაშაულები, ეს შეიძლება, არ დაკვალიფიცირდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ არსებობს დანაშაულებრივი რევოლუციის მცდელობა და შეიძლება, არსებობდეს ისეთი რევოლუციის მცდელობა, რომელიც არ კვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. რევოლუციის მცდელობა იყო 2020-2021-2022-2023 წელს, მაგრამ რაც შეეხება დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. ეს არის სამართალდამცავი უწყებების ფუნქცია, თუ ისინი ნახავენ პარალელურ დანაშაულებს, რომლებიც იქნა ჩადენილი ამ მცდელობებთან ერთად, ამ შემთხვევაში შეიძლება, ასეთი საკითხიც დადგეს; მეორეც, ზოგადად შეიძლება, ასეთ გამუდმებული მცდელობები გახდეს, თეორიულად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ინსტრუმენტი.

თქვენ იცით, რომ ამ ინსტრუმენტს ძალიან აქტიურად იყენებენ, მაგალითად, დღეს უკრაინაში და მოლდოვაში. თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია არ ასვენებს ქვეყანას, თეორიულად, ეს შეიძლება, გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველიც, თუმცა მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. ეს არის შესაბამისი სამართალდამცველი სტრუქტურების გადასაწყვეტი. რაც შეეხება, მაგალითად, ცნობილ „კანვასის“ ტრენინგებს, „კანვასის“ ტრენინგის ვიდეო არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ მიზანმიმართულად მზადდებოდა ამ ქვეყანაში რევოლუცია, მაგრამ რაც შეეხება დანაშაულის მხარეს, დანაშაულის მხარე უნდა გამოიძიოს კონკრეტულმა სამართალდამცავმა უწყებამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რევოლუცია არ მზადდებოდა. აქაც იყო იგივე შემთხვევა, უცხოური ფული იყო ჩართული საქმეში და პირდაპირ ამზადებდნენ დღისით, მზისით რევოლუციას ამ ქვეყანაში – იყო თუ არა აქ პლუს დანაშაულის ნიშნები, ეს უნდა დაადგინოს სამართალდამცავმა უწყებამ და არა პრემიერ-მინისტრმა. მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით და გაგრძელდება ეს პროცესი, ეს არ არის მარტივი საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ეს ვიდეო საკმარისი არ არის დანაშაულის დასადგენად. ამის მიღმა შენ უნდა გამოიძიო დამატებითი გარემოებები და ამას სჭირდება თავისი დრო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.