ირაკლი კობახიძე - კანონს დავუბრუნდით ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ კანონის გარეშეც, რაც არ გააკეთეს, პირობა არ შესრულდა
ირაკლი კობახიძე - კანონს დავუბრუნდით ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ კანონის გარეშეც, რაც არ გააკეთეს, პირობა არ შესრულდა

პირობა არ შესრულდა, ამიტომ მოგვიწია დავბრუნებოდით ამ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საგადასახადო დეკლარაციას არავითარი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან, რეალურად, ფინანსური მონაცემები შედის საგადასახადოში, სადაც აისახება მხოლოდ და მხოლოდ ბრუნვა.

„კანონს რატომ დავუბრუნდით – ეს განვმარტეთ ძალიან ბევრჯერ. დავუბრუნდით ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დაგვპირდნენ, რომ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ კანონის გარეშეც, რაც არ გააკეთეს, არ გააკეთა არც IDI-მ, არც NED-მა, არც USID-მა და არც რომელიმე სხვა დონორმა. პირობა არ შესრულდა, ამიტომ მოგვიწია, დავბრუნებოდით ამ კანონს.

რაც შეეხება საგადასახადო დეკლარაციას, არავითარი კავშირი არ აქვს ამას გამჭვირვალობასთან, რეალურად, ფინანსური მონაცემები შედის საგადასახადოში, სადაც აისახება მხოლოდ და მხოლოდ ბრუნვა. ტყუილია, რომ საგადასახადოში აისახება ინფორმაცია, მარტო ბრუნვის შესახებ არსებობს ინფორმაცია და თუ დღგ-ისგან გათავისუფლება უნდა შესაბამის ორგანიზაციას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აჩვენებს საგრანტო ხელშეკრულებას, რაც არის 10%-მდე მათი მთლიანი დანახარჯების. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ზოგად ინფორმაციას ტვირთავს ვებგვერდზე, მაგრამ ეს არის უზოგადესი ინფორმაცია, სადაც მოცემულია მხოლოდ საერთო თანხა, პროექტის დასახელება და დონორი.

რაც შეეხება რუსულ რუბლებს, აქაც ზუსტად იგივე, კეზერაშვილის დაფინანსებული ორგანიზაციიდან იყვნენ მოსული. კეზერაშვილის კი არ უნდა გეშინოდეს, კეზერაშვილის უნდა გრცხვენოდეს. კეზერაშვილის რომ არ გრცხვენიათ, ქალბატონო ნინო, ეგ არის სირცხვილი“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ფორმულას“ ჟურნალისტს.