ირაკლი კობახიძე - კანონმდებლობით მარჟებს ვერ დავადგენთ, თუმცა არსებობს ანტიმონოპოლიური კუთხით კანონმდებლობის შემუშავების პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში და ამ თემებს ვამუშავებთ
ირაკლი კობახიძე - კანონმდებლობით მარჟებს ვერ დავადგენთ, თუმცა არსებობს ანტიმონოპოლიური კუთხით კანონმდებლობის შემუშავების პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში და ამ თემებს ვამუშავებთ

მაქსიმალურად შევისწავლით საკითხს შესაბამის სააგენტოსთან ერთად და თუ არის შესაბამისი ნიშნები, შეგვიძლია, ვიფიქროთ ანტიკარტელური, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს ანტიმონოპოლიური კუთხით კანონმდებლობის შემუშავების პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში და ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ზომებს, რაც შეიძლება, ხელისუფლებამ მიიღოს – თუ არის კარტელური გარიგებები, ამას დამატებით უნდა ჩავუღრმავდეთ. საპარლამენტო კომისიის მუშაობის პარალელურად მთავრობა აგრძელებს მუშაობას. მაქსიმალურად შევისწავლით ამ საკითხს, შესაბამის სააგენტოსთან ერთად და თუ არის ასეთი ნიშნები, შეგვიძლია, ვიფიქროთ ანტიკარტელური, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზე. კანონმდებლობით მარჟებს ვერ დავადგენთ, თუმცა არსებობს ანტიმონოპოლიური კუთხით კანონმდებლობის შემუშავების პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში და ამ თემებს ვამუშავებთ. ასევე, გრძელვადიანი ფასების რეგულირებისთვის, შეიძლება, მიწოდების ალტერნატიულ სქემაზე ვიფიქროთ, ესეც, რა თქმა უნდა, ბიზნესის მონაწილეობით. რაც შეეხება ქართული წარმოების წახალისებას, ესეც არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და აქაც გვინდა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმპორტის ჩანაცვლებაზე და, შესაბამისად, ქართული პროდუქციის წახალისებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.