ირაკლი კობახიძე - კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელების მიმართ, მანამდე მაქსიმალური ჯარიმა იყო 360 ლარი
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის გამკაცრების მიმართულებით სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე, საუბარია შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევაზე გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაქსიმალური ჯარიმა იყო 360 ლარი, ასეთ პირობებში იყო დიდი ცდუნება, ადამიანს განსაკუთრებული რისკის გარეშე ჩაედინა შესაბამისი სამართალდარღვევა.
„ახალი კანონმდებლობის მიხედვით, დადგენილია გაზრდილი ჯარიმები 1000-დან 3 000 ლარამდე და, ფულად ჯარიმებთან ერთად, დაწესებულია შემოსვლის აკრძალვა შესაბამისი სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე. გამომდინარე სამართალდარღვევის შინაარსიდან, ექვსი თვიდან სამ წლამდე შემოსვლის აკრძალვა არის გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის სახით. ასეთი აკრძალვა გასული წლის პირველი ოქტომბრიდან დაუწესდა 2 331 პირს. ასევე, ცალკე არის დადგენილი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ აქაც კრიმინალიზაცია მოხდა მთელი რიგი სამართალდარღვევების. გაძევება და შემოსვლის აკრძალვა, ასეთი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის შემოსვლის აკრძალვა გათვალისწინებულია ორიდან 20 წლამდე ვადით, გამომდინარე სამართალდარღვევის კატეგორიიდან. ასეთი ზომა შეეფარდა სასჯელის სახით 52 პირს საქართველოში პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული. რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პირის გაძევებას და შემოსვლის აკრძალვას, ასეთი ზომა შეეფარდა 22 პირს პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.