ირაკლი კობახიძე - კახა კალაძემ ნარკოტესტთან დაკავშირებით მარტივი ინიციატივა წარმოადგინა, რაზეც ძალიან დაიბნენ
ირაკლი კობახიძე - კახა კალაძემ ნარკოტესტთან დაკავშირებით მარტივი ინიციატივა წარმოადგინა, რაზეც ძალიან დაიბნენ

მარტივი ინიციატივა წარმოადგინა კახი კალაძემ, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. მან შესთავაზა ყველას ჩაებარებინა ნარკოტესტი, რაზეც ძალიან დაიბნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

საკითხის ირგვლივ საუბრისას კობახიძემ შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებაც, სადაც ამბობს, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც თმის ანალიზს ევროპაში ჩააბარებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი რამ წარმოუდგენელია.

„იმედია, ამ თემას ბოლოჯერ ვეხები. ყველამ დაინახა, რაც ხდება. რეალურად, ძალიან მარტივი ინიციატივა წარმოადგინა კახი კალაძემ, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. მან შესთავაზა ყველას ჩაებარებინა ნარკოტესტი, რაზეც ძალიან დაიბნენ და გაღიზიანდნენ ვიღაცები, რასაც აშკარად ჰქონდა თავისი მიზეზები. აქ საინტერესოა, რომ როდესაც გახარიამ უარი თქვა ტესტის გაკეთებაზე, რითიც პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, შემდეგ გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტმა კანდიდატმა, მათ შორის ნიკანორ მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადა მელიამ, სხვა კანდიდატებმა გამოუცხადეს სოლიდარობა მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია იყო გაჭედილი ამ თემაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ არის მკაფიო ალიანსი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. აქტუალობა დაკარგა მთლიანად ამ კაცმა მისი კომენტარებიდან გამომდინარე, მისი ქცევებიდან, წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან გამომდინარე. საერთოდ არანაირი აქტუალობა არ აქვს, არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე. ეს არჩევნები არის არა „ქართული ოცნების“ და გახარიას, არამედ ისევ და ისევ სასწორზე დგას ორი რამ, ერთი ან „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში მუნიციპალურ დონეზე ან რაღაცნაირად „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებს, რომ კიდევ ერთხელ არიოს ქვეყანა სატელიტებთან ერთად. ეს არის პაექრობა პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ და მეორე ადგილზე მყოფ, „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.

ვიღაცები ცდილობენ, გადაიტანონ აქცენტი გახარიაზე, რომელიც არის მესამე, მეოთხე და კაცმა არ იცის კიდევ რა, შესაბამისად არასწორია ასეთი აქცენტების გადატანა. აქცენტი უნდა გაკეთდეს მთავარ დაპირისპირებაზე, რაც დღეს სახეზეა, ეს არის „ქართული ოცნება“ და რევანშს მოწყურებული „ნაციონალური მოძრაობა“. გახარია ყველანაირად ცდილობს, თავი დაიძვრინოს იმ უხერხულობისგან, რაშიც ჩავარდა, თუმცა მას რომ არ აწუხებდეს სინდისი, მარტივად შეეძლო ნებისმიერი რამის გაკეთება. იმის გამო, რომ აწუხებს სინდისი, ცდილობს გვერდი აურიოს ამ ყველაფერს. ავსტრიაში, საუდის არაბეთში აგზავნის თმის ღერებს, ეს არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი