ირაკლი კობახიძე - კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას ერთ ლარად, ჩვენ ამ მაგალითის გამეორება არ გვინდა, დღეს აუქციონის გარეშე ვერცერთი ქონება ვერ გაიყიდება
ირაკლი კობახიძე - კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას ერთ ლარად, ჩვენ ამ მაგალითის გამეორება არ გვინდა, დღეს აუქციონის გარეშე ვერცერთი ქონება ვერ გაიყიდება

ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე. ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება, ამ კაცმა ერთ ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კორუფცია ხელოვნების დონემდე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას იყო ასული.

„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად ბატონი კახა ბენდუქიძის მოყვანას, საერთოდ არ შევეხებოდი, ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე. ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება. ამ კაცმა ერთ ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი. დღეს იმაზე ლაპარაკობენ, რომ როგორ შეიძლება, რაღაც ოპტიმიზაცია განხორციელდეს. საერთოდ, სახელმწიფომ დაკარგა აგრარული უნივერსიტეტი, ერთ ლარად წაიღო ადამიანმა, რომელიც თვითონ მინისტრი იყო. თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად. ბატონი ნიკა ობოლაძე რომ საუბრობდა, თითქოს ჩვენ ხელოვნების დონემდე ავიყვანეთ კორუფცია, ხელოვნების დონემდე ასული კორუფცია იყო თქვენი ყოფილი პარტიის ქვეშ ჩამოყალიბებული. კონკრეტულმა მინისტრმა თავის თავს მიჰყიდა ერთ ლარად „ნაცმოძრაობის“ დროს, თქვენ რომ პარტიის წევრი იყავით, აგრარული უნივერსიტეტი. სახელმწიფო ქონება დაიკარგა სახელმწიფოს მხრიდან. სადაც არ წავედით, ერთი მიწის ნაკვეთი იყო ბაზალეთზე, „ალტ-ინფო“ ჩვენ გვადანაშაულებდა ამ მიწის გასხვისებაში უცხოელებზე. მივადექით და აღმოჩნდა აქაც ხელოვნების დონემდე აყვანილი კორუფცია. მისცეს ეს მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ მაუწყებელს. რა შუაში იყო, საერთოდ რად უნდოდა, ფიქტიური გარიგება იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცეს მიწის ნაკვეთი, რომელმაც ეს მიწის ნაკვეთი მიჰყიდა კახა ბენდუქიძეს. ასევე, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გვინდოდა პარკის მოწყობა, მივადექით, ვისი საკუთრებაა? – კახა ბენდუქიძის. მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას ერთ ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა. ჩვენ ამ მაგალითის გამეორება, რა თქმა უნდა, არ გვინდა. დღეს არათუ მინისტრი ვერ მიჰყიდის თავის თავს ერთ ლარად სახელმწიფო ქონებას, აუქციონის გარეშე ვერცერთი ქონება ვერ გაიყიდება და სწორედ ეს არის რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.