ირაკლი კობახიძე - ჯერ ზაზა ოქუაშვილმა დაამტკიცოს, ზაფხულში ​„დუბლიონკით“ რატომ დადის და მერე ვილაპარაკოთ, არის თუ არა საჭირო გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის დაბარება
ირაკლი კობახიძე - ჯერ ზაზა ოქუაშვილმა დაამტკიცოს, ზაფხულში ​„დუბლიონკით“ რატომ დადის და მერე ვილაპარაკოთ, არის თუ არა საჭირო გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის დაბარება

ჯერ ზაზა ოქუაშვილმა დაამტკიცოს, რატომ დადის ზაფხულში „დუბლიონკით“ და მერე ვილაპარაკოთ, არის თუ არა საჭირო გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის დაბარება, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მოთხოვნას, „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე სასაუბროდ პარლამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი დაიბარონ.

მოთხოვნა ბიუროს სხდომაზე „ევროპულმა საქართველომ“ დააყენა. სერგო რატიანის თქმით, პარლამენტმა, როგორც ხელისუფლების ზედამხედველმა ორგანომ, უნდა მოუსმინოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, როდის შეგვეძლება დავიბაროთ შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მაღალ ეშელონებში კორუფციას. ასეთ მძიმე ფონზე, სადაც არის ეჭვი კორუფციაზე, დროა, დავიბაროთ შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი და გასცენ მთავარ კითხვებზე პასუხი“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არასწორია, როდესაც ოპონენტები მტკიცებით ფორმაში საუბრობენ კორუფციაზე, როცა ამის მტკიცებულებები არ არსებობს.

„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერავის დაბარების საჭიროებას. ეს არის ჩემი პოზიცია. აქედან გამომდინარე, აქ მე შუამავლად ვერ გამოვდგები. თქვენი პოზიციაა ეს და შეგიძლიათ მოუწოდოთ, მონაწილეობა მიიღონ შესაბამის მოსმენაში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, მტკიცებითი ფორმით არ გირჩევთ საუბარს და მით უმეტეს, არ გირჩევთ ისეთი ბრალდებების წამოყენებას, რომელსაც თქვენ აყენებთ. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს. რაზეც თქვენ საუბრობთ – ტოტალური კორუფცია, სისტემური კორუფცია, ელიტური კორუფცია, ძალადობა და ა.შ., ეს არის 2012 წლამდე ხელისუფლებ0ის ხელწერა. იცით, რომ გამოძიება არის დაწყებული. არიან დაბარებული დაბარებული შესაბამისი პირები, რომლებიც არიან ამ საუბრების მონაწილეები და ორივე თავს იკავებს იქ საუბრისგან, რაც ბადებს ეჭვებს. ამ ეჭვებზე ისაუბრეთ თქვენ და არა იმაზე, რაზეც საუბრობთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და მაღალი თანამდებობის პირებს მოსთხოვოს საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადება.

„საუბარია საქმეზე, სადაც ერთ-ერთი ფიგურანტია შინაგან საქმეთა მინისტრი, სადაც საქმე ეხება არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს და თქვენი განცხადებები, რომ ამას გამოიძიებს პროკურატურა, ეს არის ცინიკური დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. პასუხი დღეს უნდა გაგვცეს შინაგან საქმეთა მინისტრმა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანის ამ გამოსვლას ირაკლი კობახიძემ უპასუხა. „ცინიკური რატომ არის? ნახეთ, ჩვენ რას ვამბობთ – ჯერ დაამტკიცოს ზაზა ოქუაშვილმა, ზაფხულში რატომ დადის დუბლიონკით და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, არის თუ არა საჭირო გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის დაბარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.