ირაკლი კობახიძე - ჯერ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და ამის შემდეგ შეიძლება, განვიხილოთ შესაბამისი საკითხები
ირაკლი კობახიძე - ჯერ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და ამის შემდეგ შეიძლება, განვიხილოთ შესაბამისი საკითხები

ჯერ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და ამის შემდეგ შეიძლება, განვიხილოთ შესაბამისი საკითხები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეთავაზებაზე პოლარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით. იოსელიანის შეთავაზებით, ბოლომდე უნდა მიიყვანონ საკონსტიტუციო რეფორმა, რაც გულისხმობს 2%-იან ბარიერს, სრულად პროპორციულ სისტემასთან ერთად.

„პირიქით დგება, მგონი, საკითხი. ჯერ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს და ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ ისეთი საკითხები, რომელიც პოლარიზაციის ხარისხთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ჯერ ოპოზიციის მხრიდან გადაიდგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ და ამის შემდეგ შეიძლება, განვიხილოთ შესაბამისი საკითხები. რაც შეეხება საარჩევნო ცვლილებას კონსტიტუციაში, მას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირის კანდიდატობასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით კავშირი აქვს დეპოლარიზაციას. კეთილი ინებონ, ჯერ ნაბიჯები გადადგან დეპოლარიზაციისკენ და ამის შემდეგ შეგვიძლია, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.