ლევან იოსელიანი - პოლარიზაციის დასრულება თუ გვინდა, ვთავაზობ პოლიტიკურ სპექტრს, ბოლომდე მივიყვანოთ საკონსტიტუციო რეფორმა, რაც გულისხმობს 2%-იან ბარიერს, სრულად პროპორციულ სისტემასთან ერთად
ლევან იოსელიანი - პოლარიზაციის დასრულება თუ გვინდა, ვთავაზობ პოლიტიკურ სპექტრს, ბოლომდე მივიყვანოთ საკონსტიტუციო რეფორმა, რაც გულისხმობს 2%-იან ბარიერს, სრულად პროპორციულ სისტემასთან ერთად

მხოლოდ გახსნილი გარემო და სწორად გააზრებული საარჩევნო სისტემა არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომლითაც სამომავლოდ პოლარიზაციის დასრულება და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნა, ფაქტი ერთია, სამმა ქვეყანამ შევავსეთ ევროკავშირის კითხვარი და აქედან მხოლოდ ჩვენ არ მოგვანიჭეს სტატუსი.

„ვუსმინე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლას. ფაქტი ერთია, სამმა ქვეყანამ შევავსეთ ევროკავშირის კითხვარი და აქედან მხოლოდ ჩვენ არ მოგვანიჭეს სტატუსი. მთელი რიგი რეკომენდაციები გვაქვს შესასრულებელი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში და განსაკუთრებით პოლარიზაციის მიმართულებით.

პოლარიზაციის დასრულება თუ გვინდა, ვთავაზობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, დავიწყოთ ყველაზე მარტივით, ბოლომდე მივიყვანოთ საკონსტიტუციო რეფორმა, რაც გულისხმობს 2 %-იანი ბარიერს, სრულად პროპორციულ სისტემასთან ერთად. ბარიერის ნაწილში ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიღებული გვაქვს. მხოლოდ გახსნილი გარემო და სწორად გააზრებული საარჩევნო სისტემა არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომლითაც სამომავლოდ პოლარიზაციის დასრულება და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება იქნება შესაძლებელი“, – წერს ლევან იოსელიანი.