ირაკლი კობახიძე - ჯერ მარტო „ლელო“ და გახარია რომ ავიღოთ, ერთი მეორეს თაღლითს უწოდებდა და მეორე პირველს - თვალთხარიას, მათი გაერთიანება რამდენად პერსპექტიული იქნება, თავად იმსჯელეთ
ჯერ მარტო „ლელო“ და გახარია რომ ავიღოთ, ერთი მეორეს თაღლითს უწოდებდა და მეორე პირველს – თვალთხარიას, მათი გაერთიანება რამდენად შეიძლება, პერსპექტიული იყოს, შეგიძლიათ, თავად იმსჯელოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმები ჩაიშალა და პოლიტიკურ გაერთიანებებს არჩევნებში წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.
„ვხედავთ, რომ რაღაც პროცესები წარიმართება. არის ასეთი გეგმა, რომ იყოს „ნაცმოძრაობის“ ორი სუბიექტი არსებითად გაერთიანებული შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ერთი უნდა იყოს პარტია „ნაცმოძრაობა“ და მეორეზე ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია და ასეთი ტიპის სახეები. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, რამდენად აქვს ასეთ პოლიტიკურ გაერთიანებას რაიმე პერსპექტივა. ჯერ მარტო „ლელო“ და გახარია რომ ავიღოთ, ერთი მეორეს თაღლითს უწოდებდა და მეორე პირველს – თვალთხარიას. მათი გაერთიანება რამდენად შეიძლება, პერსპექტიული იყოს, ამაზე თავადაც შეგიძლიათ, იმსჯელოთ. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ეს ოპოზიცია მოღალატედ აცხადებდა და აგინებდა, ლანძღავდა ყველანაირი უშვერი სიტყვებით, როგორ შეიძლება, რაიმეს მომტანი იყოს რაიმე პოლიტიკური ერთობისთვის. ანუ ერთმანეთზე დისკრედიტებული, ყველაფრისგან დაცლილი ადამიანები არიან. შესაბამისად, ასეთ გაერთიანებებს არავითარი პერსპექტივა არ აქვთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, მთლიანობაში, ოპოზიცია ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი.
„წელიწად-ნახევრის განმავლობაში მთელი კამპანია ჰქონდათ აგებული იმაზე, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსსაც ვიღებთ. ჩამოეშალათ ყველაფერი, ყველაფერი თავზე დაემხოთ. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არც პარტია „ნაცმოძრაობას“, არც „ლელოს“, არც გახარიას, არც სალომე ზურაბიშვილს, არც ლომჯარიას და არც ვინმე სხვას წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ერთადერთი, შეიძლება, პარტია „ნაცმოძრაობამ“ გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.