ირაკლი კობახიძე - „ჯარის ბანაკი“ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გაიზიარონ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში
მიხარია, რომ ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მეოთხე წელია, იმართება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას, გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“ როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.
„დარწმუნებული ვარ, ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და, საბოლოო ჯამში, იქნება დაუვიწყარი. მთლიანობაში, 1 700 მოსწავლეს მასპინძლობს „ჯარის ბანაკი“ როგორც კოჯორში, ისე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. თითოეულ თქვენგანს გექნებათ საშუალება, ადგილზე ნახოთ, როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯარის ბანაკს“ წელს პირველად დაემატა „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, სადაც ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება გექნებათ. უმნიშვნელოვანესი პროექტია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტს ახორციელებს. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, თითოეულ ინსტრუქტორს. თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დღეები, რომლებსაც გაატარებთ „ჯარის ბანაკში“. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებული და ძალიან საინტერესო დღეები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.