ირაკლი კობახიძე - იყო ოფიციალური საპარლამენტო ფორმატები, ოპოზიციამ შექმნა არაოფიციალური, პარალელური ფორმატი, რაც იყო ინსტიტუტების მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება
ირაკლი კობახიძე - იყო ოფიციალური საპარლამენტო ფორმატები, ოპოზიციამ შექმნა არაოფიციალური, პარალელური ფორმატი, რაც იყო ინსტიტუტების მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება

ოპოზიციამ შექმნა პარალელური პროცესი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო და არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ოპოზიციის მიერ პარალელური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივების დოკუმენტის შესახებ დასმულ კითხვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტებს დიდი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დოკუმენტებს დიდ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ. მათ შექმნეს პარალელური პროცესი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო და არის. იყო ოფიციალური საპარლამენტო ფორმატები, სადაც უნდა ჩართულიყვნენ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ამის სანაცვლოდ, მათ შექმნეს საკუთარი, არაოფიციალური, პარალელური ფორმატი, რაც იყო ინსტიტუტების მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამოვლინება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ამ დოკუმენტებს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ. იქნება ჩვენი დოკუმენტების საკომიტეტო მოსმენა და შეუძლიათ, ნებისმიერი საკუთარი ინიციატივა დააყენონ კომიტეტებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.