ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩ ბექა დვალს შეხვდა

13:34, 28.06.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ბექა დვალს შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას პირველი ივლისიდან შეუდგება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ თანამშრომლობას და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, მათ შორის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში.

ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში.

მსგავსი