ირაკლი კობახიძე - ISFED-ის და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის
ირაკლი კობახიძე - ISFED-ის და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიმართ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან რბილი, მიუხედავად იმისა, რომ გააყალბა PVT და გამოდიოდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მათ შევთავაზეთ, გამიჯვნოდნენ ამ მოთხოვნას, თუმცა მათი პოზიცია იყო ძალიან ხისტი, რაც მიანიშნებს, რომ ისინი მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ISFED-ის და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის.

„ულტიმატუმს აყენებენ პირიქით ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც საუბრობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. რაც შეეხება ISFED-ს, მის მიმართ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან რბილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციამ გააყალბა PVT (ხმების პარალელური დათვლა) და მიუხედავად იმისა, რომ ის გამოდიოდა პირდაპირ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნით, ჩვენ მათ შევთავაზეთ, გამიჯვნოდნენ ამ მოთხოვნას და ასეთ შემთხვევაში, მათ ექნებოდათ სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა. თუმცა აქაც კი მათი პოზიცია იყო ძალიან ხისტი, რაც მიანიშნებს, რომ ისინი მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არც „ისფედის“ და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით,​ ISFED-ისა და სხვა რადიკალური „ენჯეოების“ არმონაწილეობა პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს.

„მიზეზი არის მარტივი, პროცესი იქნება ინკლუზიური. ამ სამ ყველაზე მდიდარ „ენჯეოს“ არ აქვს არავითარი განსაკუთრებული თვისებები, ისინი არ გამოირჩევიან არც კომპეტენტურობით, არც კეთილსინდისიერებით. არის უამრავი ადამიანი, რომელიც განეკუთვნება სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის ეს არის პროფესიული საზოგადოება, ექსპერტები. რა თქმა უნდა, მათთვის ყველანაირად ღია იქნება კარი იმისთვის, რომ ჩაერთონ სამუშაო პროცესში. შესაბამისად, ძალიან ფართო ინკლუზიური პროცესი იქნება უზრუნველყოფილი და რა თქმა უნდა, ამ სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეოს“ არმონაწილეობა ვერავითარი ფორმით ვერ დააზიანებს პროცესს“, – აღნიშნა კობახიძემ.