ირაკლი კობახიძე - ISFED-ი მოქმედებდა ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს
ირაკლი კობახიძე - ISFED-ი მოქმედებდა ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია „პივიტის“ შესახებ. ალოგიკურია ის, რომ ISFED-ი აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს. ბუნებრივია, არავითარი ახსნა-განმარტება ამას არ ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მოქმედებდა საქართველოს მიმართ არაკეთილმოსურნე ძალების დაკვეთით.

პრემიერის განცხადებით, სწორედ ამის შედეგი იყო თავის დროზე პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და ახლა უკვე მათი არგამოქვეყნება.

„ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე – ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე. იმავეს აკეთებდა ეს კომპანია 2020 წელს, მაშინ მათ იკადრეს ის, რომ გააყალბეს მთლიანად პარალელური დათვლის შედეგები. ახლა, მეორედ, იგივე ვეღარ გაბედეს, ვინაიდან აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა გაყალბების მაგივრად, გაუყალბებელი „პივიტი“ აღარ გამოაქვეყნეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. ყველაფერი დევს ხელისგულზე. ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ისეთი ძალების დაკვეთით მოქმედებდა, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ამის შედეგი იყო თავის დროზე პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და შემდეგ მათი არგამოქვეყნება. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მეტიც, მგონია, რომ არა მხოლოდ 2024 წლის დათვლის შედეგებით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებითაც უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. პირველ რიგში იქ მგონია, რომ შეიძლება ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვეს შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.