ირაკლი კობახიძე - ირაკლი შოთაძე გადადგა იმ პირობებში, როცა გარკვეული ხარვეზებისა და გადაცდომების შესახებ გაჩნდა ეჭვი
ირაკლი კობახიძე - ირაკლი შოთაძე გადადგა იმ პირობებში, როცა გარკვეული ხარვეზებისა და გადაცდომების შესახებ გაჩნდა ეჭვი

მთავარი პროკურორი გადადგა არა იმ პირობებში, როცა მის მიმართ რაიმე დანაშაული ან გადაცდომაა დამტკიცებული, არამედ იმ პირობებში, როცა გარკვეული ხარვეზებისა და გადაცდომების შესახებ ეჭვი გაჩნდა, რომელიც შეიძლება ამ საქმესთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაარკვიოს, სიმართლე სად არის, ვისმა ხარვეზმა განაპირობა ის განაჩენი, რომელმაც კითხვები განაპირობა.

„ხელისუფლებამ ძალიან მაღალი სტანდარტი კიდევ ერთხელ აჩვენა. ეს სტანდარტი საქართველოში 2012 წლის შემდეგ შეცვლილია. გახსოვთ, წინა ხელისუფლება 2012 წლამდე რა სტანდარტით მოქმედებდა, როცა მათ ერთიანი შეთქმულებით სანდრო გირგვლიანი მოკლეს, შემდეგ ირინა ენუქიძე და ამ უბინძურესი დანაშაულის დაფარვაში იყო მთელი ხელისუფლება ჩართული. ეს მაშინდელი სტანდარტი იყო. დღევანდელი სტანდარტი იმაში მდგომარეობს, რომ უმაღლეს პასუხისმგებლობას ხელისუფლება იღებს. მთავარი პროკურორი გადადგა არა იმ პირობებში, როცა მის მიმართ რაიმე დანაშაული ან გადაცდომაა დამტკიცებული, არამედ იმ პირობებში, როცა გარკვეული ხარვეზებისა და გადაცდომების შესახებ გარკვეული ეჭვი გაჩნდა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ საქმეზე. ირაკლი შოთაძეს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობას ვუხდი, ეს იყო ღირსეული გადაწყვეტილება. ირაკლი შოთაძემ ამ გადაწყვეტილებით ის საერთო სტანდარტი აჩვენა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებაშია ჩამოყალიბებული“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდეს.

„ჩვენ ამ სისხლის სამართლის საქმეზე არავითარი სუბიექტური ინტერესი არ გვაქვს, რაც განსხვავებაა წინა ხელისუფლების პრაქტიკისგან. ერთადერთი სუბიექტური და ობიექტური ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ სამართალი აღსრულდეს. ამისთვის პარლამენტი შესაბამისს ზომას იღებს, ჩვენ ჩვენი კომპეტენცია გვაქვს, შეგვიძლია, ამ საქმის განხილვაში კომისიით ჩავერთოთ. როგორც პოლიტიკური ჯგუფი, პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ეს საქმე ბოლომდე სათანადოდ იქნება მიყვანილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამართალი აღსრულდეს. მოსამართლის გადაწყვეტილება სერიოზულ კითხვას აჩენს. ცხადია, როცა ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში მცდელობაზე, აშკარაა, რომ ხარვეზი არსებობს. ეს ხარვეზი შეიძლება იყოს მოსამართლის ხარვეზი, ან პროკურატურის მიერ მომზადებული საქმის ხარვეზი. ორი ვარიანტია. ჩვენი ამოცანაა, იმაზე ვიმსჯელოთ, თუ ვისმა ხარვეზმა განაპირობა ეს განაჩენი, რაც კითხვებს ბადებს. კითხვები არის და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცეს“, – დასძინა კობახიძემ.