ირაკლი კობახიძე - ირაკლი ბერაია საუბრობდა იმაზე, რომ სადაც წავიდა, ყველგან დახვდა თეონა აქუბარდიას ნალაპარაკევი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ირაკლი ბერაია საუბრობდა იმაზე, რომ სადაც წავიდა, ყველგან დახვდა თეონა აქუბარდიას ნალაპარაკევი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ

მგონი, სხვანაირად გაიგეთ. ირაკლი ბერაია საუბრობდა იმაზე, რომ სადაც წავიდა, ყველგან დახვდა თეონა აქუბარდიას ნალაპარაკევი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის სხდომაზე თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო სინანული გამოხატა, რადგან მას ღირსება აქვს.

„არაერთხელ უთქვამთ ასეთი რამ ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ, მგონი, რაღაც სხვანაირად გაიგეთ. თქვენ მიანიჭეთ კონკრეტულ ფრაზას ის მნიშვნელობა, რომელიც მას არ აქვს. ანუ, თქვენ კონკრეტულ ფრაზას მიანიჭეთ ის მნიშვნელობა, არც მინდა, რამე დავარქვა, რომელიც ფრაზას არ აქვს. სინამდვილეში, საუბარი იყო იმაზე, რომ სადაც კი წავიდა ირაკლი ბერაია, ყველგან დახვდა ამ ადამიანის ნალაპარაკები, ნალაპარაკები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. თქვენ ეს ფრაზა სხვანაირად გაიგეთ. არ ვიცი, რატომ გაიგეთ ასე. სინამდვილეში, სადაც წავიდა ირაკლი ბერაია, ყველგან დახვდა ამ ქალბატონი დეპუტატის ანტისახელმწიფოებრივი ნალაპარაკევი. კონსულტაციები, საუბარიც გვქონდა ირაკლი ბერაიასთან და ჩვენი რჩევაც იყო, გაეკეთებინა კონკრეტული განცხადება ამასთან დაკავშირებით, გამოეხატა სინანული და მანაც თავიდან ბოლომდე გაითვალისწინა. როცა ადამიანს აქვს ღირსება, არ უჭირს სინანულის გამოხატვა. შეგახსენებთ, იგივე თეონა აქუბარდია თვითონ გამოვიდა ერთი კვირის წინ და კაც დეპუტატებზე თქვა, პატარა კაცებზე მეტი ხართო. აქ სად არის გენდერი, ზრდილობა, ეთიკა, სად არის ბოდიში, არ არის ბოდიში, რადგან ირაკლი ბერაიას აქვს ღირსება, რომ სადაც ბოდიში მოსახდელია, ბოდიში მოიხადოს და თეონა აქუბარდიას ეს ღირსება არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი ბერაიას გადადგომაზე საუბარი სასაცილოა.

„განსაკუთრებით ამ ქალ დეპუტატებს არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, ისაუბრონ არც ზრდილობაზე, არც ეთიკაზე და არც არაფერზე. იცით, როგორ იქცევიან ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში, ყველაზე სამარცხვინოდ იქცევიან. ჩვენი შემოღებულია გენდერული კვოტები და გენდერული კვოტების დისკრედიტაციას ახდენენ ეს ადამიანები. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ გენდერული კვოტების პირობებში გაუმჯობესდებოდა გარემო პარლამენტში, შემცირდებოდა პოლარიზაცია, იქნებოდა ნაკლები უზრდელობა, ეთიკის წესების ნაკლები დარღვევა და ა.შ. ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. რა თქმა უნდა, ასეთები არ არიან ქართველი ქალები, როგორიც არიან ეს ადამიანები, ისინი ახდენენ ზოგადად ამ ფენომენის დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია ქალი, პოლიტიკოსი ქალი და ა.შ. პლუს გენდერული კვოტების დისკრედიტაციას. ქალი პოლიტიკოსი არ არის თეა წულუკიანი? რა ბანერი გაუშალეს მას, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი, სად იყო მაშინ ქალი პოლიტიკოსის პატივისცემა, სად იყო კაცი პოლიტიკოსების რეაქცია ოპოზიციიდან ამასთან დაკავშირებით, ბოდიში მოისმინეთ ვინმესგან? თეონა აქუბარდიას, ხატია დეკანოიძეს, სამნიძეს, წითლიძეს და სხვებს ღირსება არ ეყოთ, რომ ბოდიში მოეხადათ არაქალური საქციელისთვის, უწმაწურობისთვის, მათ შორის, რაც ჩაიდინეს ქალი პოლიტიკოსის მიმართ. ღირსება აქვს ბერაიას და ამიტომ სინანული გამოხატა. არცერთ ამ ქალს არ აქვს ღირსება, რადგან არცერთხელ ბოდიში არ მოუხდიათ საკუთარი ბილწსიტყვაობისთვის, უწმაწურობისა და შეურაცხყოფისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.