ირაკლი კობახიძე - ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი კვარტლის გეგმა 107 პროცენტით შესრულდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა ხარჯების ნაწილში გადაჭარბებით, 107 პროცენტით შესრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს.
„შევეხები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის შესრულებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის გეგმა ხარჯების ნაწილში გადაჭარბებით, 107 პროცენტით შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით, შარშან დაგვჭირდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, შედეგად, შარშან დაუხარჯავი დარჩა დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტზე გადმოვიდა და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ამ თანხების გადაჭარბებით 107 პროცენტით ათვისებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.