ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, ევროპულ ბიუროკრატიაზე „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ევროკავშირი განვითარდეს, როგორც წესებზე დაფუძნებული სისტემა
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, ევროპულ ბიუროკრატიაზე „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ევროკავშირი განვითარდეს, როგორც წესებზე დაფუძნებული სისტემა

ევროპულ ბიუროკრატიაში არის პოლიტიკური კრიზისი, დემოკრატიული კრიზისი, სამართლებრივი კრიზისი. დიდი იმედი მაქვს, ევროპულ ბიუროკრატიაზე „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, რის გარეშეც წარმოუდგენელია ამ კრიზისის დაძლევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ევროკავშირი განვითარდეს, როგორც წესებზე დაფუძნებული სისტემა.

„სამწუხაროა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორებიც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა. ეს ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც კანონი იყო საქართველოში აღსასრულებელი და საქართველოში კანონის აღსრულებას, სამართლის უზენაესობას პირდაპირ დაუპირისპირდა როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ბიუროკრატია. გახსოვთ მაშინდელი განცხადებები. მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლიანი, თუმცა დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს ის განცხადებები, ანალოგიური განცხადებები, რომლებიც კეთდება დღესაც. ეს მეტყველებს ძალიან მძიმე კრიზისზე, რომელიც დღეს არის ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს არის პოლიტიკური კრიზისი, დემოკრატიული კრიზისი, სამართლებრივი კრიზისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე შესუსტდება, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ამ კრიზისის დაძლევა. იმედია, ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ მოახერხებს კრიზისის დაძლევას. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ განვითარდეს ევროკავშირი, როგორც წესებზე დაფუძნებული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.