ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ხვალ პარლამენტში კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართება.  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება.

„რეზოლუციაზე მიმდინარეობს მუშაობა. გუშინ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეთავაზება. ამ შეთავაზებას განიხილავენ საპარლამენტო უმცირესობაში და ხვალ კიდევ ერთი კონსულტაცია შედგება. იმედი გვაქვს, რომ შედგება საბოლოო ჯამში შეთანხმება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. ძირითად პრინციპებზე ჩვენ ვთანხმდებით, არის საერთო სულისკვეთება, რომელსაც ეფუძნება რეზოლუციის ორი ტექსტი. მთავარია, რომ ჩვენ შევთანხმდეთ იმ დეტალებზე, რომელიც თავისთავად არის მნიშვნელოვანი.

ხვალ განახლდება კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან და იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ შეთანხმებას რეზოლუციის ერთიან ტექსტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით წარდგენილია რეზოლუციის ორი პროექტი, ერთი უმრავლესობის მიერ მომზადებული, მეორე – უმცირესობის. დოკუმენტის ერთიან ტექსტზე შეთანხმების მიზნით, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციები იმართება.