ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსი“ უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ეკონომიკის სტიმულირებაში, ნამახვანის დრო არ არის, როდესაც კონკრეტულმა სპეკულანტებმა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება შეძლეს
ირაკლი კობახიძე - „იგლ ჰილსი“ უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ეკონომიკის სტიმულირებაში, ნამახვანის დრო არ არის, როდესაც კონკრეტულმა სპეკულანტებმა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება შეძლეს

პროექტი, რომელიც „იგლ ჰილსის“ მიერ განხორციელდება, უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის სტიმულირებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ განვითარების სათანადო დონეს მიაღწიოს.

„ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე ჯერ კიდევ 9.4%-ზეა, 30%-დან არის შემცირებული 9.4%-მდე. ჩვენი ეკონომიკა, წელს პირველად, გადააბიჯებს ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს, მთლიანობაში გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. ეს არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას, რომ ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი და ცხოვრების დონე. ამას ვერაფერი შეუშლის ხელს. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე. ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება. ეს არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა. ამ პოლიტიკანებს არ გაუვათ ასეთი სპეკულაციები. დღეს სახელმწიფო არის სულ სხვა სიმაღლეზე და ყველგან იქნება დაცული ეროვნული ინტერესები. ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ყველგან იქნება უზრუნველყოფილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება, სადაც ეს შეესატყვისება ეროვნულ ინტერესებს. „იგლ ჰილსის“ პროექტი არის სწორედ ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.