ირაკლი კობახიძე - იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
ირაკლი კობახიძე - იანვარ-ივლისის ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით

ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში, იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სავალუტო ფონდმა დაახლოებით ერთი თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე.

„ვფიქრობთ, არსებული ტემპებით შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს მუშაობაზე. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე, შესაბამისად, დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინებაა. ეროვნულმა ბანკმა მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აგვისტოს ჩათვლით, სავარაუდოდ, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ეს მაჩვენებელი 1.5 მლრდ დოლარსაც გადააჭარბებს და წლევანდელ წელს ამ კუთხით დავხურავთ სარეკორდო მაჩვენებლით. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გაწეული სამუშაოსთვის და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.