ირაკლი კობახიძე – გვიწევდა დაპირისპირება უსამართლობასთან, ორმაგ სტანდარტებთან და, როდესაც გრძელდება ვიზალიბერალიზაციის თემით ქართველი ხალხის შანტაჟი, ესეც არის ამ შანტაჟის გაგრძელება

17:16, 26.06.2026

აბსოლუტურად უსამართლოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ავლენს ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს არჩეული აქვს გზა, რომელსაც ბოლომდე მიჰყვება.

„ჩვენ ძალიან რთული პროცესები გამოვიარეთ ამ წლების განმავლობაში. იყო ძალაინ დიდი უსამართლობა ქართველი ხალხის მიმართ და ყველგან ვხედავდით ორმაგ სტანდარტებს. ძალიან კარგად ხედავთ, რომ აბსოლუტურად უსამართლოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ავლენს ქართველი ხალხის მიმართ. რა ახსნა აქვს იმას, რომ 2022 წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და არ მისცეს საქართველოს და ქართველ ხალხს. ერთადერთი ახსნა აქვს – ეს არის უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი. ეს გააკეთეს 2022 წლის ივნისში და 2023 წლის დასაწყისში თვითონვე აღიარეს, რომ საქართველოს მეტად ეკუთვნოდა ეს სტატუსი, ვიდრე ნებისმიერ სხვა კანდიდატ ქვეყანას. ეს უსამართლობა ივნისიდან გაგრძელდა კიდევ წელიწად-ნახევარი. თქვენ ხედავდით, რომ პარალელურად, როდესაც გვეუბნებოდნენ უარს, ხან კანდიდატის სტატუსზე, ხან მოლაპარაკებების გახსნაზე, მათივე დაფინანსებული „ენჯეოები“ ცდილობდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას. ამის წინააღმდეგ ჩვენ მოგვიწია გამჭვირვალობის კანონის და გრანტების კანონის მიღება. ამაზეც გახსოვთ, რა რეაქცია ჰქონდათ და რამხელა სიცრუა გაავრცელეს. „შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის“ – ეს არის მაშინდელი, ყოფილი ადმინისტრაციის დროინდელი აშშ-ის ელჩის სიტყვები. სირცხვილი. ასეთ პირობებში ჩვენ გვიწევდა დაპირისპირება უსამართლობასთან, ორმაგ სტანდარტებთან და როდესაც გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციის თემით, ესეც არის ამ შანტაჟის გაგრძელება. ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ჩვენ მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

„შესრულებული გვაქვს ვალდებულებების 80 პროცენტი. მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 81 პროცენტი. ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი დამოკიდებულება. როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული და მივყვებით ბოლომდე ამ გზას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი