ირაკლი კობახიძე - გვინდა, ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის განათლება მიიღონ ქვეყანაში, მთავარი გამოწვევაა ხარისხი და შვიდი ამოცანა, რაც დაისახა, სწორედ მთავარი გამოწვევის დაძლევას ემსახურება
ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარი გამოწვევა არის ხარისხი და ის შვიდი ამოცანა, რომლებიც დაისახა კონცეფციის ფარგლებში, სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას ემსახურება.
„მთავარი გამოწვევა, ზოგადად, არის ხარისხი. ჩვენ არ გვაქვს უზრუნველყოფილი სათანადო, თანამედროვე, მაღალი სტანდარტები უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს არის მთავარი გამოწვევა და ის შვიდი ამოცანა, რომლებიც დაისახა ჩვენ მიერ კონცეფციის ფარგლებში, ემსახურება სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას. ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმთავრესი ამოცანა, რომელსაც ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმა. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული, ძალიან მკაფიოდ არის დანახული გამოწვევები და ძალიან მკაფიოდ არის დასახული პრიორიტეტები. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს კონცეფცია უკვე სრულად აღსრულდეს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.