ირაკლი კობახიძე - გვინდა, მაქსიმალურად აქტიური იყოს „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, რომლის მიზანი იქნება ქალი წევრების კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
ირაკლი კობახიძე - გვინდა, მაქსიმალურად აქტიური იყოს „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, რომლის მიზანი იქნება ქალი წევრების კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს.

პირველი შეხვედრა დღეს მცხეთა-მთიანეთში გაიმართა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მცხეთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრ ქალებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე, შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

„დღეს ვიწყებთ საორგანიზაციო შეხვედრებს ქალთა ორგანიზაციების დაფუძნებასთან დაკავშირებით. გვქონდა პირველი ასეთი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენელ ქალბატონებთან, ჩვენი პარტიის წევრებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები, ის, თუ რა ვადებში და რა ფორმით გვინდა, დავაფუძნოთ ქალთა ორგანიზაცია და ასევე თითოეული რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდება ამ ფორმატში.

გვინდა, რომ მაქსიმალურად აქტიური იყოს ეს ორგანიზაცია. მთავარი მიზანი იქნება ჩვენი ქალი წევრების კარიერული წინსვლის ხელშოწყობა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უნდა აისახოს ხელისუფლებაში მაღალ დონეზე ქალების წარმომადგენლობის გაზრდაზე. ასევე ზოგადად საზოგადოებაში ქალების ინტერესებისა და უფლებების უკეთ დაცვაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე. დღესვე შეხვედრები გაიმართება გორსა და ბორჯომში.