ირაკლი კობახიძე – გვეუბნებიან, თუ არ გავაუქმებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ამკრძალავ კანონს, „გამჭვირვალობის“ კანონს, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს შანტაჟის სამარცხვინო მცდელობაა

13:09, 04.09.2025

გვეუბნებიან, თუ არ გავაუქმებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ამკრძალავ კანონს, „გამჭვირვალობის“ კანონს, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს შანტაჟის სამარცხვინო მცდელობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას არგუმენტები არ აქვს, რის გამოც მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ.

„ევროკავშირის ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვეუბნებით, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რა უდგას წინ ჩვეულებრივად დასხდომას და ლაპარაკს? ბუნებრივია, არაფერი. მაგიდასთან რომ ვერ გვისხდებიან, ზუსტად იმის დასტურია, რომ არგუმენტები არ აქვთ, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, შანტაჟის მცდელობაა და ამიტომ არ არის ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის მისაღები მაგიდასთან დაჯდომა.

„გპირდებით, რომ საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება – თუ არის ქალი – კაცად ან თუ არის კაცი – ქალად. ეს არის ჩემი დაპირება. ეს მოთხოვნა მათ აქვთ მთელი ევროპის მასშტაბით. გვეუბნებიან, რომ იმ კანონს თუ არ გავაუქმებთ, რომლითაც იკრძალება, მაგალითად, სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება, არ მოგვცემენ პრივილეგიებს; ასევე, თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან პარტნიორობა. თუ ეს კანონი არაფერს ცვლის, უსარგებლოა, მაშინ რატომ ითხოვენ მის გაუქმებას? ლოგიკა ხომ გაქვთ. ამბობენ, რომ სამოქალაქო რეესტრში მე რომ მივიდე, უნდა შევძლო, ქალად ჩავეწერო ან თქვენ რომ მიხვიდეთ, უნდა შეძლოთ, კაცად ჩაეწეროთ. გვეუბნებიან, რომ ეს არღვევს ადამიანის უფლებებს. ეს ხომ სირცხვილია.

არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან, მათ შორის, უნგრეთი. უნგრეთს დაფინანსება შეუჩერეს კონკრეტულად ორი მიზეზის გამო, ეს არის ლგბტ თემა და ის, რომ მიგრანტებს არ უშვებს თავის ქვეყანაში. ასეთია დღეს „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატიის სახე. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვაზე. ეროვნული ინტერესები არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის დაცვა, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. გვეუბნებიან, რომ უნდა გავაუქმოთ „გამჭვირვალობის კანონი“. „გამჭვირვალობის კანონის“ მიზანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. ესენი გვეუბნებიან, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ თუ არ გავაუქმებთ, შეიძლება, დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. „გამჭვირვალობის კანონი“ არაფერს კრძალავს, ერთადერთი, რასაც ავალებს NGO-ებს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციის გამოქვეყნება. უცხო ძალის ინტერესებს როცა ატარებ, ერთადერთი, რაც მოგეთხოვება, არის გამჭვირვალობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი