ირაკლი კობახიძე - გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა, რაც ქმნის გარანტიას, რომ პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული, იქნება მრავალპარტიული
ირაკლი კობახიძე - გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა, რაც ქმნის გარანტიას, რომ პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული, იქნება მრავალპარტიული

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უამრავი პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა აქვს, რაც ქმნის გარანტიას, რომ საქართველოს პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება ერთპარტიული.

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ აქვს არავითარი მანევრი.

„მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი. ჭადრაკის ენით რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ. ერთი არის მათთვის ცუდი და მეორე – უარესი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ყველა არის კარგი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა – რამდენიმე ვარიანტი, მანევრი, რაზეც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ. ეს ყველაფერი იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული. იქნება მრავალპარტიული“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, წარდგენილი კანონპროექტებიც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, მაგრამ სხვა მანევრები აქვთ, რაზეც ღიად ვერ ისაუბრებს.

„უამრავი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი გვაქვს, ბევრი სვლა გვაქვს ხელში“, – განაცხადა კობახიძემ.