ირაკლი კობახიძე - გუშინდელი ეთერი, სადაც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები, დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში იყო
ირაკლი კობახიძე - გუშინდელი ეთერი, სადაც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები, დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში იყო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია, არ ცნობს არც ერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და მათ ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგ.

„სულ უფრო ხშირდება მათი თავდასხმები ჩვენს დასავლელ მეგობრებზე – შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ა.შ.“, – აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, „დასავლურ ინსტიტუტებზე გახშირებული თავდასხმების კულმინაცია იყო გუშინდელი ანტიდასავლური –  ანტიამერიკული და ანტიევროპული ეთერი, სადაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების, აგრეთვე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ“.

„გუშინდელი ეთერი, რომელშიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ერთმანეთის მხარდამხარ ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები – ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გუგავა, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, იყო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.