ირაკლი კობახიძე - გუშინ განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რომლებსაც პირდაპირი შეხება ჰქონდათ სავარაუდო დანაშაულთან, ეს ყველაფერი კი ეჭვებს აღრმავებს
ირაკლი კობახიძე - გუშინ განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რომლებსაც პირდაპირი შეხება ჰქონდათ სავარაუდო დანაშაულთან, ეს ყველაფერი კი ეჭვებს აღრმავებს

სახელმწიფოებრივი მოქმედება როგორია, რადიკალური ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ ნამდვილად არ გვესწავლება, თავად მიხედონ საკუთარ საქმეს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავთ გარეჯის საქმის ყველა გარემოებას უნდა მოეფინოს ნათელი, მათ შორის იმასაც, თუ რატომ კეთდებოდა საეჭვო განცხადებები მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე.

„ასეთ გარემოებებს უნდა მოეფინოს ნათელი, რატომ კეთდებოდა ასეთი განცხადებები იმ ფონზე, როდესაც საეჭვო გარიგებები იდებოდა. შესაბამისად, ეს, ბუნებრივია, გამოძიების საქმეა და უნდა დაველოდოთ გამოძიების საბოლოო ინფორმაციას. როცა დემარკაცია-დელიმიტაცია ხორციელდებოდა, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო უამრავი ადამიანი, ეს პროცესი მიმდინარეობდა 90-იანი წლებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, დავით გარეჯის საქმის გარშემო კიდევ ვისი დაკითხვა იგეგმება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის სამართალდამცველების საქმე.

„ლუსტრაცია უკვე სახეზეა, რაში უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკურ ძალას ასეთი ორკესტრირებული შტურმი, რაც განხორციელდა გუშინ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ რაიმე არ გაქვს დასამალი. ამ მოცემულობაში საეჭვო ძალიან ბევრი რამ არის, მით უმეტეს იმ საეჭვო განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც კეთდებოდა მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან. თუ გაგრძელდება მათი მხრიდან ლუსტრაცია, ბუნებრივია, ეს დაეხმარება გამოძიებას. გუშინდელი დღე იყო ლუსტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ გამოძიებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ საკითხებზე, რომელზეც საუბრობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცუდად აქტიურობდნენ თავის დროზე, როდესაც გააქტიურდა მსჯელობა გარეჯის თემაზე. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ აქტივისტი გამოდიოდა გუშინ და ამბობდა, რომ ამ საკითხის წამოწევა არ იყო სწორი, როდესაც ის აქციებს აწყობდა დავით გარეჯთან, როდესაც ამ აქციების ჩატარება არავითარ შემთხვევაში არ იყო მიზანშეწონილი. ეს არის არამარტო ორმაგი სტანდარტი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. აქედან გამომდინარე, როგორია სახელმწიფოებრივი მოქმედება, ეს ამ რადიკალური ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ ჩვენ ნამდვილად არ გვესწავლება, თავად მიხედონ საკუთარ საქმეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს, რათა ქართველმა ხალხმა გაიგოს სიმართლე იმაზე, ვის რა განზრახვა ჰქონდა ამ საქმეში.

„როდესაც წამოცდა მიხეილ სააკაშვილს, რომ 70-80 მილიონი აქვს აღებული ამ საქმეში, ბუნებრივია, ჩვენ ამ ეჭვების დონეზე და სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული საუბრების დონეზე ვერ მივიღებთ ვერავითარ გადაწყვეტილებას. ეს არის სამართალდამცველი ორგანოების საქმე, მათ შორის იმის დადგენა, 70-80 მილიონი აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს აღებული, რაზეც თავად საუბრობს. ჩვენ შეგნებულად სიღრმეში არ შევდივართ, ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე ის ინფორმაცია, რომელიც იყო საჯაროდ გაცხადებული და ამით ვხელმძღვანელობთ. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყარო არის მიხეილ სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის გუშინდელი ისტერიული განცხადებები. განსაკუთრებით აქტიურობდნენ საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, ვისაც პირდაპირი შეხება ჰქონდა ამ სავარაუდო დანაშაულთან, რომელზეც საუბრობს გამოძიება და ეს ყველაფერი აღრმავებს ეჭვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.