ირაკლი კობახიძე - გუშინ არაერთ ადგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმის შეზღუდვები, ასეთ დროს ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება
ირაკლი კობახიძე - გუშინ არაერთ ადგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმის შეზღუდვები, ასეთ დროს ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება

საერთო ინტერესია, მაქსიმალურად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია, მოვუსმენთ ყველას, მოვუსმენთ ეკლესიის წარმომადგენლებს, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუნდაც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, კონსულატციების საფუძველზე  უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც საერთო ინტერესებს ყველაზე მეტად მოემსახურება.

„როდესაც ვსაუბრობთ არა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე, არამედ სხვა დღეებზეც, თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება საერთო ინტერესებს. საერთო ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, საგანგებო რეჟიმის კონკრეტული წესები არის გაწერილი, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს თავშეყრის დროს ადამიანებს შორის დისტანცია.

კობახიძის თქმით, აღნიშნული წესები ნებისმიერ დროს დაცული უნდა იყოს.

„ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება, როდესაც არაერთ ადგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები, რაც არის მიუღებელი. ასეთ დროს რასაკვირველია, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. სადაც იქნება საგანგებო რეჟიმის დარღვევა, იქ ბუნებრივია, იქნება რეაგირება და რეაგირების ზომაც არის გაწერილი შესაბამის სამართლებრივ აქტებში.რაც შეეხება მომდევნო დღეების განმავლობაში იმას, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.