ირაკლი კობახიძე - განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა, რაც ამ დღეებში არაერთგზის დაირღვა
ირაკლი კობახიძე - განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა, რაც ამ დღეებში არაერთგზის დაირღვა

კონკრეტულ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და მისია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადების შესახებ, რომ „ორშაბათს ყველაფერს ნათელს მოჰფენს“.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სიმართლე ისაა, რომ ეკა ბესელიას შესახებ გადაწყვეტილება ზაფხულში იყო მიღებული და მის მიერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდებოდა.

„რაც შეეხება ნათელის მოფენას, ობიექტური სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული ჯერ კიდევ ზაფხულში ამ საკითხთან დაკავშირებით.  არავითარ შემთხვევაში, ეს არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას, მით უმეტეს, მოსამართლეების არჩევას და შერჩევას, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. სულ სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტიდან წასვლის თაობაზე. სხვა საფუძველი ჰქონდა. შესაბამისად, სამწუხაროდ, არასწორი სარჩული დაედო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად სხვა საფუძვლით იქნა მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ბევრ დეპუტატს ჰქონდა სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის პოზიცია, თუმცა მთავარია, გუნდურობის პრინციპის დაცვა.

„ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით, მათ შორის ვადებთან და სიასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. გუნდში ბევრი ასეთი დეპუტატი იყო, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი სანქცირების თუ რამე სხვა გადაწყვეტილების საკითხი, რადგან პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას გუნდის შიგნით. აზრთა სხვადასხვაობა ვერ გახდება გარკვეული სანქციის თუ რაიმე სხვა მიდგომის გამოვლენის საფუძველი. შეიძლება, ასეთი რამ დღის წესრიგში დადგეს თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. სამწუხაროდ, ეს პრინციპი არაერთგზის დაირღვა ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, გუნდი გადაწყვეტილებას არ ჩქარობს და დააკვირდება პროცესების განვითარებას.

„შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. იმედი მაქვს, ყველა დეპუტატი, რომელიც არის წარმოდგენილი საპარლამენტო უმრავლესობაში დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად. განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია, დაცული იყოს გუნდურობის პრინციპი. მათ შორის მთავარია,  არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არაერთი ტყუილი მოვისმინე კონკრეტული დეპუტატების მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ასე აღარ გაგრძელდება.

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ორშაბათს ისაუბრებს და ყველაფერს ნათელს მოჰფენს.