ირაკლი კობახიძე - გრიგოლ ვაშაძეს უყვარს რუსეთი, თურმე ეს კაცი ყოფილა ღირსეული კანდიდატი და სალომე ზურაბიშვილი - მოღალატე
ირაკლი კობახიძე - გრიგოლ ვაშაძეს უყვარს რუსეთი, თურმე ეს კაცი ყოფილა ღირსეული კანდიდატი და სალომე ზურაბიშვილი - მოღალატე

სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში თავისუფლად მოიგებს არჩევნებს, რადგან ის არის ღირსეული კანდიდატი და უპირისპირდება მოღალატეებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება გრიგოლ ვაშაძეს, რომელსაც რუსული პასპორტის ჩასაბარებლად ერთი წელი დასჭირდა.

„ნაცმოძრაობამ, თავის ყველა განშტოებით, წინა არჩევნებში მიიღო 27 პროცენტი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს არ ავაცილოთ. დღეს საარჩევნო მარათონში, რეალურად, სამი კანდიდატია – ეს არის სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. ამ ორმა კანდიდატმა ერთად 27%-ზე მეტი არ უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მძიმე ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებამ 2016 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის ადგილი მიუჩინა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამომრჩეველი ასეთივე ადგილს მიუჩენს „ნაციონალურ მოძრაობას“ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

„ნაცმოძრაობის ერთად აღებული 27% ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში თავისუფლად მოიგებს არჩევნებს, რადგან ის არის ღირსეული კანდიდატი. მეორე მიზეზი, რადგან ის უპირისპირდება მოღალატეებს, უპირისპირდება გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც თქვა, რომ ერთი წელი დასჭირდა რუსული პასპორტის ჩასაბარებლად, ერთი წელი ვერ შეელია კაცი რუსულ პასპორტს ომის შემდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ომის დროს, შემდეგ მინისტრი გახდა და ერთი წელი რუსულ პასპორტს ვერ შეელია. ესეც არ არის მთავარი – შემდეგ აძლევს ინტერვიუს, ხან რუსულ არხს RTVi-ის და ხან „რადიო თავისუფლებას“ და რას ეუბნება? – მნიშვნელობა არ აქვს, რუსული პასპორტი მედება თუ არა ჯიბეში, რუსეთი ჩემი ცხოვრების ნაწილიაო, კაცს რუსეთი უყვარს. გრიგოლ ვაშაძეს აქვს სიყვარული რუსეთის მიმართ და ეს კაცი ყოფილა თურმე ღირსეული კანდიდატი და სალომე ზურაბიშვილი ყოფილა მოღალატე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.