ირაკლი კობახიძე - გიორგი რურუას 8 მარტის შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს, შეთანხმება დღეს აღსრულდა, კრიმინალურ საქმეზე კი გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს
ირაკლი კობახიძე - გიორგი რურუას 8 მარტის შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს, შეთანხმება დღეს აღსრულდა, კრიმინალურ საქმეზე კი გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი რურუას საკითხს 8 მარტის შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს, რაც ელჩების ბოლოდროინდელმა განცხადებებმაც დაადასტურა.

მისივე თქმით, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შესრულდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რურუას თემა სამართლებრივია და გადაწყვეტილებასაც სასამართლო მიიღებს.

„ელჩების ბოლოდროინდელმა განცხადებებმაც დაადასტურა, რომ ეს ასე არ არის, რურუას არავითარი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან.

დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება. რაც შეეხება რურუას საქმეს, ეს არის ერთ-ერთი მორიგი კრიმინალური საქმე, რასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულება, სასამართლო. შესაბამისად, როგორც წყდება სხვა კრიმინალური საქმეები, ასევე გადაწყდება ეს კრიმინალური საქმეც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

დატოვე კომენტარი