ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილი განუზომელ ხარჯებს  სწევს, რომელიც პრეზიდენტისთვის ფუფუნების შექმნისკენაა მიმართული
ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილი განუზომელ ხარჯებს  სწევს, რომელიც პრეზიდენტისთვის ფუფუნების შექმნისკენაა მიმართული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, მიბაძოს პარლამენტს თანხის ისე ხარჯვაში, როგორც საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს შეეფერება.

როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი, იმ პირობებში, როდესაც მას არ აქვს პოლიტიკური, ანუ აღმასრულებელი ფუნქციები მინიჭებული, უნდა იყოს განსაკუთრებულად მისაბაძი მაგალითი საზოგადოებისთვის, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული მისია გიორგი მარგველაშვილმა ვერ შეასრულა.

„სამწუხაროდ, ეს მისიაც ვერ შეასრულა გიორგი მარგველაშვილმა.  ამის ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის ის განუზომელი ხარჯები, რომელსაც გასწევს გიორგი მარგველაშვილი  მთელი ამ წლების განმავლობაში და ამ ხარჯების გაწევა არსებითად არის მიმართული იქითკენ, რომ ფუფუნება შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტმა, რაც ძალიან შემაშფოთებელია და სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა კობახიძემ.

მან მაგალითად 2016 წლის სტატისტიკა მოიყვანა და აღნიშნა, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელს, წლის განმავლობაში, საგარეო მივლინებებზე იმაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე საქართველოს პარლამენტმა.

„წარმოიდგინეთ, ერთი პოლიტიკოსი 200-მდე მოხელით, თანამშრომლით ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტი 150 პოლიტიკოსით და 700-მდე თანამშრომლით. დავინტერესდი, როგორ შეიძლებოდა ასეთი მაჩვენებელი მიეღო გიორგი მარგველაშვილს, როგორ შეიძლებოდა ასე გაზრდილიყო მისი მივლინების ხარჯები. დავინტერესდი და ვნახე, რომ მაგალითად, სასტუმროში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში ხარჯავს დაახლოებით, 5-ჯერ, 6-ჯერ, ზოგჯერ 7-ჯერ მეტს, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი დეპუტატი. ეს არის აბსოლუტურად  შემაშფოთებელი და მიუღებელი მით უმეტეს, იმ სოციალური ფონის და ეკონომიკური რესურსების გათვალსწინებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო სამაგალითო ადამიანი საზოგადოებისთვის, თუმცა ეს მისია ვერ შეასრულა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში პარლამენტს რჩევები მისცა. თავის მხრივ, კობახიძე მარგველაშვილს ურჩევს, პარლამენტს მიბაძოს.

„მე მინდა მას ვურჩიო, მიბაძოს საქართველოს პარლამენტს ფულის ისე ხარჯვაში, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანას და იმ საზოგადოებას, რომელიც არის საქართველოში – მიბაძეთ საქართველოს პარლამენტს“, – მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს.