ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მანდატი შეუჩერონ, თუმცა ვერ მიაყენებენ ზიანს ეროვნულ ინტერესებს
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მანდატი შეუჩერონ, თუმცა ვერ მიაყენებენ ზიანს ეროვნულ ინტერესებს

ღიმილის მომგვრელია, როდესაც რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები პრორუსულობის საბაბით ცდილობენ, ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ასეთი ინიციატივები არის აბსოლუტურად ანტიქართული, თუმცა ამითაც ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„ოპოზიცია და მათი პატრონები ყველა მიმართულებით ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის მორიგი ანტიქართული ინიციატივა, ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი ბატონების მხრიდან. რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივებით ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარყევენ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს. თუმცა თავისთავად ეს მეტყველებს ოპოზიციის ბუნებასა და მათი პატრონების ინტერესებზე. მათი ინტერესები, სამწუხაროდ, ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, იქ მუშაობა ჩვენთვის საინტერესოა, თუმცა იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მინდა, შეგახსენოთ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის მაშინ, როდესაც მე ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ ვაყენებდით ხოლმე რუსული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს სხვა ქვეყნებთან ერთად და მაშინ საპარლამენტო ასამბლეა არ იზიარებდა ხოლმე ჩვენს პოზიციას. დღეს აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი. რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივები არის აბსოლუტურად ანტიქართული, თუმცა ამითაც ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.