ირაკლი კობახიძე - ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში, შემოთავაზებული თუ იქნება კონკრეტული ფორმატი მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, ვართ ღია, შესაბამისად, სრული თანხვედრაა გზავნილებს შორის
ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქაც ვართ ღია, შესაბამისად, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება კანონმდებლობას, პრემიერის თქმით, თუკი იქნება შესაბამისი დასაბუთება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ხელისუფლება მზად არის გადასინჯვისთვის.
„ჩვენი გზავნილები არ განსხვავდება. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. კონკრეტული ფორმატი თუ იქნება შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქაც ვართ ღია, შესაბამისად, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის. რაც შეეხება კანონის გადასინჯვას, აქ არის ერთი რამ მთავარი – ჩვენ უნდა დაგვისაბუთონ, სად არღვევს ეს კანონი სამართლის პრინციპებს, სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რომ არის სამართლებრივი ხარვეზები, რა თქმა უნდა, მზად ვართ გადასინჯვისთვის. შესაბამისად, პრაქტიკულად ვიმეორებთ იმას, რასაც ამბობს ბატონი ალენ ბერსე“, – განაცხადა პრემიერმა.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში ყველა ძალა ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგში და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. მისი თქმით, ევროპის საბჭო მზად არის, ხელი შეუწყოს დიალოგს.