ირაკლი კობახიძე - გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ზომა, როცა საქართველოში მოქმედი ელჩი უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს, ფიშერი ჩართული არის რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში
გერმანიის ელჩის დაბარება არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში და ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე.
„მგონია, რომ სრულიად ზედმეტია ბატონ ფიშერზე კომენტარების გაკეთება. როცა იქნება, მას ამოეწურება საკუთარი უფლებამოსილების ვადა და დატოვებს ქვეყანას. აბსოლუტურად ზედმეტი მგონია ამ კაცზე რაიმე კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, უხეშად არღვევს ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად, შემიძლია, შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე და ა.შ. აღარ მინდა, ეს ყველაფერი გავაგრძელო. არც არის მაინცდამაინც საინტერესო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.