ირაკლი კობახიძე - გავმართოთ საჯარო დისკუსია, ელჩები თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არგუმენტები არ არსებობს, არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი
ირაკლი კობახიძე - გავმართოთ საჯარო დისკუსია, ელჩები თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არგუმენტები არ არსებობს, არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი

გავმართოთ საჯარო დისკუსია, ელჩები თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არგუმენტები არ არსებობს, სამწუხაროდ, არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, ფასი ვერ ექნება ვერცერთ განცხადებას, ვიდრე არ გაიმართება საჯარო დისკუსია.

„ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი, არ დავასახელებ, გამოვიდა და ინტერვიუს დროს გააკრიტიკა ჩვენი კანონი. თქვა, რომ ცუდია, საშინელებაა, არ შეიძლება და ა.შ. შემდეგ ჩაეკითხა ჟურნალისტი და ჰკითხა, რომ პრემიერისგან არის ასეთი შეთავაზება, გაიმართოს ღია დისკუსია. მან უპასუხა, რომ ელჩები პოლიტიკურ დისკუსიებში არ ვერთვებითო და კანონის განსჯაში არ შევდივართო. ანუ კანონი განსაჯა და როცა მერე კითხვა დაუსვეს, ხომ არ ჩაერთვებოდა ღია დისკუსიაში კანონის განსჯაში, ჩვენ განსჯაში არ ვერთვებითო.

განსჯაში თუ არ ერთვები, რატომ განსჯი? ანუ ეს ცალ კარში განსჯაა სწორი? არ არის, რა თქმა უნდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენი წინადადება ძალაში რჩება. ჩვენ ვერ მივიღებთ ვერცერთ განცხადებას, ჩვენთვის ვერ ექნება ფასი ვერცერთ განცხადებას, ვიდრე არ გაიმართება საჯარო დისკუსია საზოგადოების თვალწინ ამ თემებთან დაკავშირებით.

ჯერ გავმართოთ საჯარო დისკუსია, თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არგუმენტები არ არსებობს, სამწუხაროდ, არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.