ირაკლი კობახიძე - გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
გამუდმებით იზრდება ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით საქართველოს თითქმის 50%-იანი ზრდა აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც, პრემიერის თქმით, ასევე არის ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.
„ძალიან მსხვილი ინვესტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში. ეს პირდაპირ აისახება იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.